ლელა გაფრინდაშვილი - აგრესიული რიტორიკა და არანორმატიული ლექსიკა არასწორად გაგებულმა სიტყვის თავისუფლებამ გამოიწვია
აგრესიული რიტორიკა და არანორმატიული ლექსიკა არასწორად გაგებულმა სიტყვის თავისუფლებამ გამოიწვია, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა და თსუ-ს პროფესორმა, ლელა გაფრინდაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბევრმა ჩათვალა, რომ სიტყვის თავისუფლება ეს არის – რასაც მინდა ვიტყვი, ვისაც მინდა ვეტყვი და როგორც მინდა ვიტყვი. მე ამას ძალიან დრამატულად არ ვხედავ, რადგან საბჭოთა პერიოდში არა მხოლოდ იმაზე იყო ტაბუ, რას ვიტყოდით, არამედ იყო სფეროები და საკითხები, რომელზე ლაპარაკიც უბრალოდ, იკრძალებოდა. გათავისუფლებამ, ემანსიპაციამ ბევრი მანკიერება წარმოშვა და მათ შორის არის თავაშვებულობა, მაგრამ ასეთი პერმანენტული, გრძელვადიანი აკრძალვის და შეზღუდვის შემდეგ ამ ტიპის აღვირახსნილობა, რაც ახლა გვაქვს, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი რაღაცაა“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, ტრაგიკული ის იქნებოდა, ამკრძალავი კანონი რომ გვქონოდა და ამ საკითხებზე ლაპარაკი არსად, არც ერთ ერთობაში არ შეგვძლებოდა.
„აი, ეს იქნებოდა ტრაგიკული და არა ის, რომ ლაპარაკი შეგვიძლია“, -განაცხადა გაფრინდაშვილმა.
როგორც პროფესორმა აღნიშნა, მთავარი ის კი არ არის, საზოგადოებაში რა ხდება, არამედ ის, არსებობს თუ არა რეზისტენცია ამ სიავეების მიმართ.
„საქართველოში ყველაფერი ყველანაირად ითქმება და ყველა ტიპის გამოხატვები ვიცით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებაში სიავეების მიმართ მიმღებლობაა. ჯერ ერთი, ეს მიმღებლობა მონოლითური არ არის და ყოველთვის არის რაღაც საკითხი, რომლის მიმართ შეიძლება, მე მიმღები ვიყო, თქვენ არა და ა.შ. ეს მიმღებლობა ასე არ არის, რომ ჩვენ, ყველას რაღაც კოლექტიურად მოგვწონს. ასე სეგრეგირებული, სხვადასხვანაირი საზოგადოება ძალიან კარგია და იმ დროიდან უნდა გამოვიდეთ, როცა რაღაც კოლექტიურად, ყველას ერთად მოგვწონდა, რაღაც კი არა“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაკარგა თუ არა სიტყვამ ძალა, რაც 20-30 წლის წინ ჰქონდა, ლელა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ სიტყვამ ძალა მართლაც დაკარგა, მაგრამ იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში სიტყვა მოზომილი იყო და ყველა ერთნაირად ლაპარაკობდა.
„იყო რაღაც ცნებები, რომელიც აბსოლუტურად ყველას ტექსტში გვხვდებოდა, იქნებოდა ეს გლეხი, ქარხნის მუშა, პოლიტბიუროს წევრი თუ სხვა. მაშინ, სიტყვები ნორმირებული იყო. შეგვეძლო, საჯაროდ გამოსულ ადამიანთა მეტყველებაში დაგვეთვალა, რა ცნებები იყო და ეს ცნებები ძალიან ხშირად, ერთმანეთს ფარავდა. ბუნებრივია, პოსტსაბჭოთა საქართველოში ეს ასე არ არის და ძალიან კარგია, რომ არ არის“, – განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.