„სტუდენტის კვლევით, ვაჟების ნარკოდამოკიდებულება სოციალიზაციასთან იყო დაკავშირებული, გოგონების კი ემოციურ წარუმატებლობასთან“
„სტუდენტის კვლევით, ვაჟების ნარკოდამოკიდებულება სოციალიზაციასთან იყო დაკავშირებული, გოგონების კი ემოციურ წარუმატებლობასთან“

ჩემმა ერთ–ერთმა სტუდენტმა, რომლის გარშემო ჯოჯოხეთი ტრიალებდა, გადაწყვიტა, საბაკალავრო ნაშრომი მის ნარკოდამოკიდებულ თანატოლებზე გაეკეთებინა, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მან გამოიკვლია შვიდი გოგონა, შვიდი ვაჟი და ასეთი სურათი მიიღო – ვაჟების ნარკოდამოკიდებულება მათ სოციალიზაციასთან იყო დაკავშირებული. ანუ, ისინი ნარკოტიკების მოხმარებას მაშინ იწყებდნენ, როცა რაღაც ჯგუფში ადგილი უნდა დაემკვიდრებინათ, გოგონებში კი ნარკოტიკის მოხმარების დაწყება რაღაც შემთხვევასთან, ძალიან დიდ ემოციურ წარუმატებლობასთან იყო დაკავშირებული, რამაც ისინი ემოციურად დააზიანა“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, მიჩვევის შემდეგ, ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ ნარკოტიკი მოიპოვოს.

„კვლევის შედეგად მივიღეთ ასეთი დასკვნა, რომ მოხმარების დაწყების პირველ ეტაპზე, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, ახალგაზრდები ნარკოტიკს თანატოლებისგან იღებდნენ და თავზე საყრელად ჰქონდათ, მაგრამ რაღაც მომენტში ეს გზა ჩაიკეტა. სწორედ ამ მომენტიდან იწყება სრული კოშმარი, როცა პროცესში ერთვება ოჯახი, მეგობრები და ასე შემდეგ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელ ბიჭებს ოჯახები მხარს უჭერენ, მაშინ, როცა გოგონების 100% ოჯახისგან და საზოგადოებისგან სრულიად გარიყული არიან“, – განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.