ლეგენდები | გურამ ფანჯიკიძე - მესხის ფინტები ტორეადორის ნატიფ ხელოვნებას მაგონებს [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს მიხეილ მესხის დაბადების დღეა. „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი 85 წლის გახდებოდა.
მიხეილ შალვას ძე მესხი იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. იყო 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩში“ მოსკოვის „ტორპედოს“ ერთი გოლი გაუტანა. იმ დღეს „დინამო“ სსრ კავშირის ჩემპიონი გახდა. მესხი აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების, ასევე, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და მისი თანაგუნდელების შეფასებით, შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში, რომელთაც თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განუმეორებელი კვალი დატოვეს.
შვიდჯერ დასახელდა საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარცხენა გარემარბად. გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად, საქართ
ველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიხეილ მესხი დასახელდა. მის სახელს ატარებს ვაკეში მდებარე სტადიონი.
ფლობდა ფენომენალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თამაშის სტილსა და საფეხბურთო ტექნიკას, რასაც ხაზგასმით აღნიშნავდა მსოფლიო სპორტული პრესა და რაც განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მისი თამაშის მნახველ მაყურებელს. მესხის ფინტი იყო გამორჩეული, რაც მნახველს აღაფრთოვანებდა. ამით გააოცა არგენტინელი გულშემატკივარი, როდესაც 1961 წლის 19 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მასპინძლები 2:1 დაამარცხა.
არგენტინული გაზეთები აღმატებითი ხარისხის ეპითეტებით მოიხსენიებდნენ მესხისა და მისი პარტნიორების თამაშს, ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ თბილისელი თავდამსხმელისა და მაშინდელი ცნობილი არგენტინელი ვარსკვლავის, სიმეონეს ორთაბრძოლის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „ფინტი, რომელმაც არგენტინა დაამარცხა“.
აი, როგორ იხსენებდნენ მესხსა და მის ფინტს ცნობილი ადამიანები:
გურამ ფანჯიკიძე: „მესხის ფინტები ტორეადორის ნატიფ ხელოვნებას მაგონებს“.
ელენიო ერერა: „მესხი და მეტრეველი საბჭოური ფეხბურთის ფრთები იყვნენ“.
ლევ ფილატოვი: „მესხი ისე რომ თამაშობდეს, როგორც სხვები, მაშინ იგი მესხი არ იქნებოდა“.
ბორის პაიჭაძე: „სიამოვნებით ვითამაშებდი გაიოზ ჯეჯელავასთან, სლავა მეტრეველთან, ავთანდილ ღოღობერიძესთან და მიხეილ მესხთან ერთად“.
გიორგი სიჭინავა: „მიუხედავად იმისა, რომ მესხთან კონფრონტაციაში ვიყავი, მასზე უკეთესი ფეხბურთელი არსად მეგულება“.
ედუარდ სტრელცოვი: „ძალზე ვწუხვარ, რომ არ მომიწია მესხის გვერდით თამაშმა“.