კოლუმბიის ნაკრების ლეგენდამ ფაუსტინო ასპრილიამ დაარწმუნა ქილერი, არ მოეკლა პარაგვაის ნაკრების მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი 1997 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ.
ის შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა, ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მინდორზე არაერთხელ წარმოიშვა. ერთ-ერთი ასეთი გარჩევის დროს, ასპრილიამ ჩილავერტის თავში ხელი მოარტყა. მსაჯს არ დაუწყია საქმის ვითარების გარკვევა და ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. ის შეხვედრა პარაგვაიმ 2:1 მოიგო, რამაც ერთ-ერთი კოლუმბიელი ფანი ძალიან გაანაწყენა.
როგორც ასპრილია იხსენებს, მატჩის შემდეგ, მას სასტუმროს ნომერში უცნობმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ჩილავერტის მოკვლას აპირებდა.
„გიჟი ხარ? შენ გაანადგურებ კოლუმბიურ ფეხბურთს. ყველაფერი, რაც მოედანზე ხდება, იქვე, მოედანზევე რჩება“, – უთხრა ქილერს ფაუსტინომ. კოლუმბიელის სიტყვები BBC-ს მოჰყავს.
კოლუმბიელ გულშემატკივრებს მართლაც შეუძლიათ მსგავსი საქციელის ჩადენა. ნაკრების მცველმა ანდრეს ესკობარმა აშშ-ის ნაკრების (1:2) წინააღმდეგ მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე გოლი თავის კარში გაიტანა, რასაც კოლუმბიელთა ტურნირიდან გამოვარდნა მოჰყვა. 10 დღის შემდეგ, ესკობარი სამშობლოში ჩაცხრილეს. მკვლელი უმბერტო მუნიოსი ყოველი გასროლისას ყვიროდა – „გოლი“.