არეულობები ბუენოს აირესში - ლიბერტადორესის თასის არშემდგარი ფინალის ქრონიკა [ვიდეო|ფოტო]
არეულობები ბუენოს აირესში - ლიბერტადორესის თასის არშემდგარი ფინალის ქრონიკა [ვიდეო|ფოტო]

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ლიბერტადორესის თასის ისტორიაში უკანასკნელ ორმატჩიან ფინალში ერთმანეთს „ბოკა ხუნიორსი“ და „რივერ პლეიტი“ შეხვდებოდნენ, ყველა დიდი საფეხბურთო ზეიმის სანახავად მოემზადა. მაგრამ პრობლემები უკვე პირველი მატჩისთვის შეიქმნა, როცა ბუენოს აირესს თავს ტროპიკული თავსხმა დაატყდა და თამაში მეორე დღისთვის გადაიტანეს. პირველი შეხვედრა „ბოკა ხუნიორსის“ სტადიონზე სანახაობრივი და ემოციური გამოვიდა და 2:2 დასრულდა.

მეორე მატჩის წინ, „ბოკამ“ ბოლო ვარჯიში თავის სტადიონზე 50 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ჩაატარა. ფანებმა გუნდი განმეორებით მატჩზე ლამაზად გააცილეს. მეტის გაკეთება მათ არ შეეძლოთ, რადგან უკვე რამდენიმე წელია, სტუმრებს სუპერკლასიკოზე არ უშვებენ.

ამის მიზეზი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებია. და ეს პრობლემები კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, როცა „ბოკას“ „რივერ პლეიტის“ გულშემატკივრებმა კოშმარული დახვედრა მოუწყვეს.

როგორც კი სტუმრების ავტობუსი „მონუმენტალს“ მიუახლოვდა, მას „რივერის“ ფანებმა შეუტიეს. პოლიციამ სცადა გულშემატკივრების ცრემლსადენი აირით შეჩერება. აირმა ქვებითა და ბოთლებით ჩამსხვრეული შუშების გავლით ავტობუსშიც შეაღწია.

 

სტუმართა გასახდელში გადაღებულმა კადრებმა შოკი გამოიწვია. ის ტერორისტების შეტევის შემდეგ საავადმყოფოს მისაღებს ჰგავდა. ექიმები ემსახურებოდნენ ფეხბურთელებს, რომელთა დიდი ნაწილს ცრემლსადენი აირის გამო, გული ერეოდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ტევესი, სარატე, ხარა, აბილია, ლაბარდო და პერესი. ეს ორი თვალში მოხვედრილი ნამსხვრევების გამო საავადმყოფოში გაამგზავრეს.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაიწყო ლაპარაკი მატჩის შესაძლო გაუქმების ან გადადების შესახებ, თუმცა CONMEBOL ვერ ბედავდა უკიდურეს ნაბიჯზე წასვლას – ჯერ დაწყების დრო ერთი საათით გადაწია, შემდეგ საათი და 15 წუთით. ეს საკამაოდ საეჭვო გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ ინციდენტების შემდეგ, ფეხბურთის თამაში შეუძლებელი ჩანდა. გაჩნდა ბევრი ჭორი: თითქოს „რივერ პლეიტი“ გაგებით მოეკიდა „ბოკას“ პრობლემებს და მატჩის გაუქმებას დათანხმდა. ამას ეწინააღმდეგებოდნენ ჩინოვნიკები და „ბოკა ხუნიორსს“  ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დისკვალიფიკაციით დაემუქრა. CONMEBOL-ის ექიმებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ თამაშის გადადების საბაბი არ არსებობს და გადავსებული „მონუმენტალი“ მატჩის დაწყებას ელოდა.

გავრცელდა „ბოკას“ ფორვარდის კარლოს ტევესის განცხადება: „ჩვენ არ შეგვიძლია თამაში, მაგრამ გვაიძულებენ. მესმის, რომ CONMEBOL დიდი ზეწოლის ქვეშაა, მაგრამ ჩვენ სამი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც მოედანზე გასვლა არ შეუძლიათ.“

სკანდალს გამოეხმაურა ლეგენდარული პარაგვაელი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი, რომელიც დიდი ხანი არგენტინაში თამაშობდა. ვეტერანმა მოიფიქრა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციისთვის შესაფერისი სიტყვა – „კორუპტბოლი“. ჩილავერტი ინფანტინოსა და CONMEBOL-ის პრეზიდენტს ალეხანდრო დომინგესს გადაწვდა: „ისინი პრიორიტეტს ფულს ანიჭებენ და არა „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელების ჯანმრთელობას“.

საბოლოოდ, მიიღეს ლოგიკური გადაწყვეტილება და მატჩი კვირა დღისთვის გადაიტანეს. დაწყების დრო იგივე დარჩა – 23 საათი და 59 წუთი. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ „რივერის“ სტადიონს დისკვალიფიკაცია არ შეეხება და თამაში მაყურებლების თანხლებით გაიმართება.

„მიღწეულ იქნა ჯენტლმენური შეთანხმება ორ კლუბს შორის. საღმა აზრმა გაიმარჯვა, – განაცხადა ალეხანდრო დომინგესმა. – მატჩი ხვალ, მაყურებლების მხარდაჭერით გაიმართება. მინდა მივულოცო ორივე კლუბის პრეზიდენტს, რადგან თამაში ჩაშლის პირას იყო. ყველას შევახსენებ, რომ ფეხბურთი – ეს არის თამაში და არა ომი“.

იურიდიულად ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა, რაღაც მომენტში, „ბოკას“ ხელმძღვანელობა შუა კვირას ცარიელი ტრიბუნების ქვეშ თამაშს ითხოვდა. მაგრამ, დაძაბულობა ბოლომდე არსად გამქარალა. „რივერის“ პრეზიდენტს როდოლფო დ’ონოფრიოს ​დერეფანში შევარდნილი გულშემატკივრების გამო სატელევიზიო ინტერვიუს შეწყვეტაც კი მოუწია.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ფანებისა და პოლიციის შეტაკებები მოხდა, CONMEBOL-ის პრეზიდენტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა ის სტადიონს გაძლიერებული დაცვის თანხლებით ტოვებდა.