სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CONMEBOL) ფეხბურთს კლავს - ჩილავერტმა მესის მხარი დაუჭირა
სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CONMEBOL) ფეხბურთს კლავს - ჩილავერტმა მესის მხარი დაუჭირა

პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტმა მხარი დაუჭირა არგენტინის ნაკრების ლიდერ ლიონელ მესის, რომელმაც კორუფციაში დაადანაშაულა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CONMEBOL).

„ეჭვგარეშეა, ეს კოპა ამერიკა მომზადებული იყო იმისთვის, რომ ბრაზილია ჩემპიონი გამხდარიყო. CONMEBOL კლავს ფეხბურთს. რატომ აპირებენ ისინი მესის დასჯას, თუ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სამყაროში? მოთამაშეები უნდა გაერთიანდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ ამ ორგანიზაციას“, – მოჰყავს ჩილავერტის სიტყვები „ფოქს სპორტს“ (FOX Sports).

ლიონელ მესიმ კოპა ამერიკაზე ნახევარფინალში ბრაზილიასთან წაგების შემდეგ, უკმაყოფილება გამოთქვა მსაჯების მუშაობის გამო, მოგვიანებით კი უარი თქვა მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობაზე. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურდა ყოფილიყო კორუფციის ნაწილი და გამოთქვა აზრი, რომ მთელი ტურნირი მოწყობილიყო მასპინძელი ბრაზილიის გასამარჯვებლად.