პირველი არხის ვიდეოარქივში აღმოჩნდა მეტად ფასეული ვიდეო – თბილისის „დინამოსა“ და ათენის „პანათინაიკოსის“ მატჩის რეპორტაჟი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კრებული 103:71 დაამარცხა. „პანათინაიკოსი“ არც იმხანად იყო სუსტი გუნდი, რასაც საშინაო მატჩში მისი 14-ქულიანი გამარჯვება მოწმობს.
თუმცა 60-იანი წლები ხომ ქართული კალათბურთის აყვავების ხანა იყო: 1960 წელს „დინამო“ ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, 1962 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო (ფინალში „რეალი“ 90:83 დაამარცხა), 1968 წელს საბჭოეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1969 წელს საპორტას თასის ფინალი ითამაშა. სწორედ ამ შეჯიბრების ნახევარფინალში სძლია ათენის „პანათინაიკოსს“.
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ბერძნებთან დაპირისპირებას საინტერესოდ იხსენებს მაშინდელი „დინამოს“ გამთამაშებელი თამაზ ჩიხლაძე:
„1968-69 წლების პერიოდი ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. მაშინ თბილისის „დინამოს“ ლევან ინწკირველი წვრთნიდა.
1968 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახვდით და ქვეყნის თასი მოვიგეთ, 1969 წელს თასი კიდევ ერთხელ ავიღეთ და ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედით. ეს იყო მთავარი მწვრთნელის, ლევან ინწკირველისა და იმ კლათბურთელების დამსახურება, რომლებიც იმ პერიოდში „დინამოში“ ვთამაშობდით.
გუნდში არაერთი ვარსკვლავი გვყავდა – ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა, ლევან მოსეშვილი, ზურაბ საკანდელიძე, მიშა ქორქია, ვალერი ალთაბაევი, ამირან სხიერელი… თითოეული მათგანი ქართული კალათბურთის ლეგენდაა.
1968 წელს საბჭითა კავშირის ჩემპიონები გავხდით, თუმცა მოსკოვმა ჩემპიონთა თასზე არ გაგვიშვა. ევროპის მთავარ საკლუბო შეჯიბრებაში ცსკა გავიდა, ჩვენ – თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში მივიღეთ მონაწილეობა. ამ შეჯიბრებას მაშინ საპორტას თასი ერქვა.
ტურნირში მეოთხედინალიდან ჩავერთეთ. პირველი მატჩი ბულგარულ „ლევსკისთან“ გავმართეთ. სტუმრადაც მოვიგეთ და შინაც. ამ მატჩებზე ბევრი არაფერია სალაპარაკო, რასაც ვერ ვიტყვით ნახევარფინალზე, სადაც საბერძნეთის „პანათინაიკოსს“ შევხვდით.
მაშინ პოლიტიკურად რთული პერიოდი იყო, დელეგაციები საბერძნეთში გამგზავრებას ერიდებოდნენ. თუმცა ბევრი ფირის შემდგ „პანათინაიკოსთან“ ნახევარფინალის სათამაშოდ „დინამოს“ კალათბურთელები ათენში მაინც გაგვიშვეს.
წინასწარ სერიოზულად მოგვამზადეს, მოსკოვის უშიშროების ოფისში დაგვიბარეს და ვრცელი ინსტრუქტაჟი მივიღეთ. საბერძნეთში ბულგარეთის გავლით ჩავფრინდით.
მაშინ ათენს ამერიკელები აკონტროლებდნენ, პრეზიდენტი გეორგიოს პაპადოპულოსი იყო, რომელმაც ჩვენს თამაშზე დასწრების სურვილი გამოთქვა.
თამაში უნდა გამართულიყო ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც 1896 წელს პირველი ოლიმპიადა ჩატარდა. ტრიბუნები 60 ათას კაცს იტევდა. მკაფიოდ მახსოვს, დიდ არენაზე გვირაბიდან ისე გამოგვიშვეს, როგორც გლადიატორები.
შეხვედრა 20 საათზე იყო დანიშნული. გავხურდით, ვივარჯიშეთ 10 წუთი, 15 წუთი, ნახევარი საათი… ამასობაში გახდა 9 საათი, მაგრამ თამაში არ იწყება. თურმე პაპადოპულოსს ველოდებით. ბოლოსდაბოლოს მოვიდა. თან მეუღლე ახლდა. ყველას ხელი ჩამოგვართვა და წარმატება გვისურვა.
თამაში დაიწყო და ვხედავთ, რომ მსაჯები ყოველ წამს ჩვენს საწინააღმდეგოდ სტვენენ, მოედნის მეტოქის ნახევარზე არ გვიშვებენ. ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს. 14 ქულის სხვაობით დავმარცხდით.
მატჩის შემდეგ ბერძნებმა გაგვიმართეს ბანკეტი და წინადადებით მოვიდნენ – იქნებ, მეორე მატჩიც აქ ითამაშოთო. თურმე მეოთხედფინალის მეტოქისთვისაც (იტალიური „ნაპოლი“) იგივე შეუთავაზებიათ და ორივე მატჩი ათენში შედგა. ეგონათ, ჩვენც დავთანხმდებოდით. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით. განმეორებითი მატჩი ხომ თბილისში გვქონდა, სადაც რევანშისთვის ვემზადებოდით.
გუნდში ყველაზე პატარები მე და მიშა ქორქია ვიყავით. ჩვენთან „პანათინაიკოსის“ მენეჯერი მოვიდა და გუნდში დარჩენა შემოგვთავაზა. მე და მიშამ მთელი ღამე ფიქრში გავატარეთ, ძალიან კარგი წინადადება მივიღეთ, სერიოზულ თანხას გვთავაზობდნენ. საბოლოოდ უარი ვუთხარით და საქართველოში დავბრუნდით.
განმეორებით შეხვედრაში „პანათინაიკოსს“ 32 ქულის სხვაობით მოვუგეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ. სპორტის სასახლის გადაჭედილმა ტრიბუნებმა ფრთები შეგვასხა. თავიდანვე მაღალ ტემპში დავიწყეთ და მეტოქეს გავასწარით. 20-ქულიან სხვაობას რომ ავცდით, მაშინ მივხვდით, რომ უკვე ფინალში ვიყავით.
საპორტას თასის ფინალი ავსტრიაში დანიშნეს. ჩვენი მეტოქე პრაღის „სლავია“ იყო, რომელსაც მანამდეც არაერთხელ შევხვედრივართ და სულ ვუგებდით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ფინალშიც ვაჯობებდით და თასს ავიღებდით. თუმცა, მოგეხსენებათ, 1968 წელს რა მოხდა ჩეხოსლოვაკიაში – იქ რუსული ტანკები შევიდა…
ამ მოვლენებმა მატჩზეც იქონია გავლენა. ჩვენი მოთხოვნა იყო, გვეთამაშა შვეიცარიაში. მაგრამ, იმ ქვეყანას, რომელიც ფინალს უმასპინძლებდა, საკუთარ თავზე უნდა აეღო ორივე გუნდის მიღებაც ცხოვრებაც და ა.შ. მოკლედ, მასპინძლობა უნდა ეკისრა.
საბჭოეთმა ამაზე უარი თქვა, ჩეხებმა კი მასპინძლის სტატუსი მიიღეს და მატჩიც იქ გაიმართა, სადაც მათ სურდათ – ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. მოგეხსენებათ, ვენა პრაღასთან ძალიან ახლოსაა და ფინალის საყურებლად ჩეხეთიდან 30 ათასი კაცი ჩამოვიდა.
ტრავმის გამო ავსტრიაში ვერ წამოგვყვა ამირან სხიერელი, რამაც ჩვენს თამაშს გარკვეული დაღი დაასვა.
ჩეხებმა ჰიმნისას ზურგი შეგვაქციეს, რამაც ძალიან გაგვაბრაზა. თამაშის დასაწყისშივე დავწინაურდით. სხვაობა 5-დან 10 ქულამდე მერყეობდა. მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით. მწვრთნელმა თამაშში ჩართო სერგო მაღალაშვილი, რომელიც კარგად სტყორცნიდა. სერგომ ვერ ჩააგდო, სამაგიეროდ მეტოქემ ბურთი ერთხელ წამოიღო ჩააგდო, მეორედაც და ანგარიში გათანაბრდა. სწორედ ამ დროს იუგოსლავიელმა მსაჯმა ყველაფერი გააკეთა, რომ მატჩი არ მოგვეგო. საკანდელიძე და ანზორ ლეჟავა ხუთი ჯარიმით მოედნიდან გააგდეს. 5 ქულის სხვაობით დავმარცხდით. ვენაში დარბაზი ფარდით იყო გაყოფილი. ფარდის უკან აუზი იყო. ჩეხები გამარჯვების შემდეგ პირდაპირ მასში გადაეშვნენ.
იმ მომენტში ნამდვილად ვერ აღვიქვამდით, რამხელა რამეს ვაგებდით. 1962 წლის შემდეგ მეორედ მოგვეცა ევროტურნირის მოგების შესაძლებლობა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკლისი, რომელიც ქართულმა კალათბურთმა განიცადა, რადგან თავისუფლად შეგვეძლო თასების თასი თბილისში ჩამოგვეტანა.“