ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს 83 წელი შეუსრულდა #1TVSPORT
ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს 83 წელი შეუსრულდა #1TVSPORT

1962 წლის 17 ოქტომბერს ნონა გაფრინდაშვილმა ელიზავეტა ბიკოვასთან ითამაშა და 21 წლის გოგონა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართული ჭადრაკის ისტორიაში ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალი. მას შემდეგ ნონამ მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ოთხჯერ იზეიმა.

ნონა გაფრინდაშვილის მიერ მოგებული ტიტულები იმდენად ბევრია, რომ დათვლა შეუძლებელია, ნონა დღესაც თამაშობს ვეტერანთა ტურნირებზე და ყველგან წარმატებულია.

ხუთი წლის იყო, როდესაც ჭადრაკის თამაში დაიწყო. ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი ხუთ ძმასთან ერთად ჯერ ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კი ძმებმა ჭადრაკი შეასწავლეს. ერთხელ ზუგდიდის პიონერთა სასახლეში გამართულ შეჯიბრებაზე ნონამ ერთ-ერთი ძმის ნაცვლად იასპარეზა, რომელიც ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოეთიშა. ნონამ მასზე ბევრად ძლიერი მეტოქე მალევე დაამარცხა.

1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაზე ნონა უკვე ზუგდიდის ნაკრების წევრი იყო. სწორედ იქ შენიშნა მისი ტალანტი ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ვახტანგ ქარსელაძემ და უკვე 1954 წელს, მისი დაჟინებული თხოვნით, ნონა სასწავლებლად თბილისში გადაიყვანეს.

ვახტანგ ქარსელაძემ, მისთვის ჩვეული ინტუიციის წყალობით, ნონას პარტიის დასრულების შემდეგ ბრძანა:

„შევამჩნიე, რომ მას მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.

1955 წელს ნონამ თბილისის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიგო. შემდეგ რიგაში გამართულ მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაზე ისახელა თავი. 1956 წელს ქალ მოჭადრაკეთა შორის თბილისის ჩემპიონი გახდა. ამავე წელს ნონამ, კარიერაში პირველად, ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. 15 წლის ნონამ აქ 16 პარტია ითამაშა და 15,5 ქულა მოაგროვა.

19 წლის იყო, როდესაც ვრიანჩკა ბანიაში ჩატარებულ პრეტენდენტთა ტურნირზე პირველობა არავის დაუთმო – 16 შესაძლებლიდან საკუთარ ანგარიშზე 13 ქულა მიითვალა და თავისი უშუალო კონკურენტების, ვალენტინა ბორისენკოსა და კირა ზვორიკინას დამარცხება შეძლო.

1962 წელს მოსკოვში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნონამ ელიზავეტა ბიკოვა ანგარიშით 9:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ნონა არის პირველი მოჭადრაკე, რომელიც დაფნის გვირგვინს 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

ნონა გაფრინდაშვილმა ვაჟთა ჭადრაკშიც სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. ის პირველი ქალი იყო, რომელმაც ვაჟთა ნორმატივიც შეასრულა და საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.

მან მოახერხა გამარჯვების მოპოვება ტურნირზე ჰოსტინგში (აშშ, 1963-1964), ლონ პეინში გამართულ აშშ-ის ღია პირველობაზე (1977), რეჯიო ემილიაში (იტალია, 1983), ვიიკ ან ზეეში (ჰოლანდია, 1987). აშშ-ში გამარჯვების შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკე გახდა, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო.

ნონა გაფრინდაშვილმა 5-ჯერ მოიგო სსრკ-ის ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის (1964, 1973/74, 1981, 1983, 1985), 10-ჯერ იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. 1963-1986 წლებში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადებზე 11 გუნდური და 9 პირადი ოქროს მედალი მოიპოვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს მანილას საჭადრაკო ოლიმპიადაზე ნონა გაფრინდაშვილმა, თანაგუნდელებთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, პირველი ჩემპიონობა იზეიმა.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ვეტერანთა შორის.

1989 წლიდან 1996 წლამდე ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი იყო, ხოლო დღემდე საპატიო პრეზიდენტი გახლავთ.

1997 წელს ფიდე-ს 68-ე კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს ჯამური საუკეთესო შედეგისთვის გადაეცემათ.

1999 წელს ნონა გაფრინდაშვილი მეოცე საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარეს.

2001 წელს თბილისის ჭადრაკის სასახლეს ნონა გაფრინდაშვილის სახელი მიენიჭა.