ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელს და მწვრთნელს ლევან მოსეშვილს დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა
ლევან მოსეშვილმა „დინამოს“ შემადგენლობაში პირველი მატჩი 1959 წელს გამართა და გუნდის ღირსებას 13 წლის განმავლობაში იცავდა.
1962 წელს ლევან მოსეშვილმა თანაგუნდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო.
1968 წელს კი „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა, ხოლო 1969 წელს საბჭოთა კავშირის თასი დაისაკუთრა.
ლევან მოსეშვილი „დინამოში“ 3-ჯერ საკავშირო პირველობის ვიცე – ჩემპიონი და ერთხელ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ლევან მოსეშვილმა 1964 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლევან მოსეშვილი 1972–2003 „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად მოღვაწეობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 1977 წელს საკავშირო პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.
ლევან მოსეშვილი ღირსების ორდენის კავალერია, 2012 წელს მას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
დიდებული კალათბურთელი 2015 წელს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მედლით დააჯილდოვეს.
ლევან მოსეშვილი 79 წლის ასაკში 2020 წლის 5 მარტს გარდაიცვალა.
ლევან მოსეშვილი იყო:
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964
ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
სსრკ ჩემპიონი: 1968
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
სსრკ თასი: 1969
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
სპორტის რაინდი — 2012
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი