ისტორია | საქართველოს ნაკრების მწვრთნელები - გამოცდილი ლევან მოსეშვილის ორი წელი და თორმეტი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

1995-დან 2024 წლამდე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს რვა მთავარი მწვრთნელი ჰყავდა. პირველი იყო ბესიკ ლიპარტელიანი, ბოლო – ილიას ზუროსი, რომლის შემცვლელის ვინაობასაც მალე გავიგებთ. ყველა მწვრთნელს სხვადასხვა გარემო-პირობებში უწევდა მუშაობა. 

ნაკრებს ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროში გამოცდილი ლევან მოსეშვილი მოღვაწეობდა.

პირველი ნაბიჯები ბესიკ ლიპარტელიანთან ერთად

საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში მეორე შესარჩევი ეტაპი 1997 წელს კვიპროსში დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, შესარჩევში კი სამი მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა.

…ბესიკ ლიპარტელიანისგან ესტაფეტა ლევან მოსეშვილმა გადაიბარა. ახალი მწვრთნელის დანიშვნამ ყოფითი პრობლემები უკან ვერ მოიტოვა:

– ძალიან რთული იყო თითოეული მატჩისთვის მზადება. ფედერაციის მაშინდელ ხელმძღვანელობას შეიძლება სურდა კიდეც, ჩვენთვის პირობები რომ შეექმნა, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ახერხებდა. არც იმას ვამტკიცებ, რომ შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებდით. ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. პირველად ნაკრებს ლატვიაში გავუძეხი. ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა, – იხსენებს ლევან მოსეშვილი.

შესარჩევი ეტაპი ვერ დავძლიეთ. 1999 წელს კი ახალი ციკლი დაიწყო. საქართველოს ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ, გუნდი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მეტად საინტერესო, მაგრამ რთული ბრძოლები გადახდა. მათ შესახებ უშუალოდ კალათბურთელები მოგვითხრობენ. აქ კი მოგახსენებთ, რომ შვეიცარიიდან დაბრუნებულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელი კვლავ შეიცვალა.

– ვთვლი, რომ ჩვენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. მიდიოდა გეგმაზომიერი მუშაობა გაახალგაზრდავებისკენ. ვლადიმერ ბოისას ნაკრებში პირველად მე ვუხმე. შემდეგ იგი გაიზარდა და მაღალი დონის მოთამაშედაც ჩამოყალიბდა. 1999 წლის საკვალიფიკაციო ტურნირში ეროვნული გუნდის მაისური ცქიტიშვილსაც მოვარგეთ. მას მერე რა პროგრესი განიცადა ნიკამ, ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, – ესეც ლევან მოსეშვილის სიტყვებია.

2000 წელს იგი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზურაბ ტომარაძემ შეცვალა.

 

ლევან მოსეშვილი

წვრთნიდა: 1997-99

21 მატჩი (ოფიციალური), 2 მოგება, 10 წაგება