ლეგენდარულ ფალავანს, ლევან თედიაშვილს 20 თებერვალს საგარეჯოში დაკრძალავენ #1TVSPORT
ლეგენდარულ ფალავანს, ლევან თედიაშვილს 20 თებერვალს საგარეჯოში დაკრძალავენ #1TVSPORT

თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიოსა და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი – ევროპის ჩემპიონის ტიტული. იყო მსოფლიო თასის მფლობელი და მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში ის XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის სამეულში დასახელდა.

ლევან თედიაშვილს მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2005 წლიდან, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) გადაწყვეტილებით, ლევან თედიაშვილი ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრია.

14 წლის იყო, როდესაც საგარეჯოელი მწვრთნელის, ვალერიან მეკოკიშვილის ყურადღება მიიქცია და ლევანი კაკაბეთის ჭიდაობის სექციის წევრი გახდა. კაკაბეთში ერთ-ერთი შეჯიბრის დროს არსენ მეკოკიშვილმა ვახტანგ ბალავაძეს უთხრა: ერთი, იმ ბალღის ორთაბრძოლებს დააკვირდიო. „ჭიდაობის პროფესორმა“ მაშინვე იგრძნო, რომ ძალიან ნიჭიერ მოჭიდავესთან ჰქონდა საქმე, თბილისში წამოიყვანა და რამდენიმე წელი ლევანი ვახტანგ ბალავაძის სახლში ცხოვრობდა.

შედეგმაც არ დააყოვნა და მან ახალგაზრდებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრი მოიგო. და მაინც, პირველი სერიოზული გამოცდა 1971 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩააბარა – ყველა მეტოქეს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

იმავე წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა მეხუთე სპარტაკიადის ფინალში სახელოვან მახაჩყალელ ფალავანს, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონს, იური შახმურადოვს შეხვდა. მაშინდელი „სოვეტსკი სპორტი“ წერდა: „მსოფლიოში მოჭიდავე არ მოიძებნება, შახმურადოვს ხალიჩაზე ბეჭი დაადებინოსო“.

სახელოვანმა მწვრთნელმა, გურამ თიკანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა: „როცა მსაჯებმა თედიაშვილი და შახმურადოვი ხალიჩაზე გამოიძახეს, ლევანის სეკუნდანტობა მე ვიკისრე. დავარიგე – ტემპში იჭიდავე, თამამად შეუტიე, მეტოქის იერიშს არ დაელოდო-მეთქი. თავიდან ინიციატივა ხელთ იგდო და ორი ქულაც მალევე აართვა. ახლა მოპოვებულის შენარჩუნება იყო საჭირო, ამიტომ შესვენებისას შევაქე და ვუთხარი – კარგია, ისევ მაგ ტემპში განაგრძე და, რაც მთავარია, ღიმილი არ დაგავიწყდეს-მეთქი“.

სწორედ მაგ ღიმილმა დასცა შახმურადოვი და საერთოდ, საერთაშორისო სარბიელზე ჩატარებულ 600-ზე მეტ ორთაბრძოლაში ლევან თედიაშვილის სახეზე ყოველთვის ღიმილი იყო.

1987 წელს სახელოვანმა კინორეჟისორმა, გიორგი შენგელაიამ ფილმის, „ხარება და გოგიას“ გადაღება გადაწყვიტა. სურდა, გოგია კენკიშვილის როლზე ლევანი დაემტკიცებინა. კაკაბეთში ჩააკითხა და ჰონორარად 6 000 მანეთი შესთავაზა, ლევანი იმ დროს ამ სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლდათ. სეიფიდან 8 000 მანეთი გამოიღო და გიორგი შენგელაიას უთხრა; „ა, ბატონო, მე უფრო მეტს მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებეთო“.

მოგვიანებით გიორგი შენგელაია იტყვის: მე ფილმში ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენო.

დიახ, ასეთი ნამდვილი ვაჟკაცი იყო ლეგენდარული ლევან თედიაშვილი.

სამშაბათს, 20 თებერვალს, დილის 10 საათიდან ლევან თედიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს 20 თებერვალს საგარეჯოში დაკრძალავენ.