ლატვიის საგარეო უწყება - ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას და ვგმობთ მასშტაბურ კიბერთავდასხმას საქართველოს წინააღმდეგ
ლატვია საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ლატვია უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას და გმობს მასშტაბურ კიბერთავდასხმას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. კიბერთავდასხმის სამიზნე იყო საქართველო მთავრობა, კერძო კომპანიების ვებგვერდები და ასევე ეროვნული მაუწყებლები.
ლატვია იზიარებს იმ მოსაზრებას, რომელიც გამოთქმულია საქართველოს, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს განცხადებებში, რომლებშიც კიბერიერიშს მიაკუთვნებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოს და ასევე, გამოხატულია საქართველოსადმი მხარდაჭერა.
ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს კიბერსივრცეში სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევასა და საერთაშორისო ნორმების გამოყენებას. მავნე კიბერსაქმიანობა ემუქრება თავისუფალ, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცეს. ლატვია გააგრძელებს ყველა მოკავშირესთან და პარტნიორთან თანამშრომლობას და ისწრაფვის კიბერისვრცეში უსაფრთხოების კოლექტიური განმტკიცებისკენ და მომავალი კიბერიერიშების აღკვეთისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.