ლატვიის პრეზიდენტი - იმედი გვაქვს, ნაპოვნი იქნება გზები, რათა საქართველომ თამამად თქვას, რომ არის დამოუკიდებელი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე
ლატვიის პრეზიდენტი - იმედი გვაქვს, ნაპოვნი იქნება გზები, რათა საქართველომ თამამად თქვას, რომ არის დამოუკიდებელი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე

ლატვია გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა, ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა მედიისთვის განცხადადებები პირისპირ შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრის დიდი ნაწილი უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე საუბარს დაეთმო.

„ათ წელზე მეტი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის შემდეგ, რაც მაშინ ლატვიამ დაგმო და აგრძელებს კიდეც რუსული აგრესიისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის დაგმობას. ლატვია გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ამის დემონსტრირების გზით. იმედი გვაქვს, ნაპოვნი იქნება გზები, რათა საქართველომ შეძლოს, თამამად თქვას, რომ არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე“, – განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა.

როგორც მან აღნიშნა, ლატვია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრია და წელს წევრების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

„წელს ვგეგმავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი წევრების რაოდენობის გაზრდას. იმედი გვაქვს, რომ სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს მხარდაჭერის საკითხში“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოსა და ლატვიის ორმხრივი ურთიერთობები განათლების, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებს მოიცავს. ასევე მხარეები სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სალომე ზურაბიშვილის ლატვიელ კოლეგას, ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, სადაც ის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.