ლატვია სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარებას“ გმობს
ლატვია სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარებას“ გმობს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარებას“ გმობს. განცხადება ლატვიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს სირიის არაბული რესპუბლიკის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებას, საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. ლატვია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილებად მიიჩნევს.

მოვუწოდებთ კონფლიქტის მხარეებს, კონსტრუქციულად ითანამშრომლონ კონფლიქტის დასარეგულირებლად ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.  საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .