ლაშა შავდათუაშვილისა და ზაურ დვალაშვილის პირველი გამარჯვებები ბუდაპეშტის გრანდ სლემზე [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს. ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ). ამერიკელი დომინიკ როდრიგესი დაამარცხა.
შეჯიბრი წარმატებულად დაიწყო ახალგაზრდა ზაურ დვალაშვილმაც, მან უნგრელ ბენდეგეზ დემეტერი დამატებით დროში შებოჭვით დაამარცხა. ბუდაპეშტის გრანდ სლემზე რამდენიმე წუთის წინ პირველი დაპირისპირება მოიგო გიორგი შერაზადიშვილმა (81კგ), რომელმაც ბრიტანელი ლაჩიან მურჰედი იპონით დაამრცხა. შერაზადიშვილი მეორე წრეში არაბთა გაერთიანებული ემირატების სახელით მოასპარეზე ქართველს, ნუგზარ ტატალაშვილს შეხვდება.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლისმედალოსანი გახდა, ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე კი მესამე ადგილზე გავიდა.