ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დაიწყო. შეჯიბრზე, რომელიც 5-6 თებერვალს იმართება, საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი სპორტსმენი გამოდის. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.
73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი, 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი, პარიზის გრანდ სლემის პირველი ნომერი ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრების ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს შეხვდა და გაფრთილებების ხარჯზე მეტოქის დამარცხება მოახერხა.
ლაშა შავდათუაშვილის ფინალამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენი გუნდის ორმა წევრმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ სპორტსმენს, კარამატ ჰუსეინოვს სუფთა გამარჯვებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
ასევე წარმატებულად გამოვიდა პარიზის გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის ფრანგი დაიკი ბუბა ულამაზესი ილეთით დაამარცხა.
ხვალ პარიზის გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ.