ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სავალუტო ფონდის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებული თანხა საქართველოს ეკონომიკისთვის ერთგვარ დაზღვევის მექანიზმს წარმოადგენს
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სავალუტო ფონდის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებული თანხა საქართველოს ეკონომიკისთვის ერთგვარ დაზღვევის მექანიზმს წარმოადგენს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის სამწლიანი, 289 მლნ დოლარის მოცულობის მხარდამჭერი პროგრამა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ერთგვარ დაზღვევის მექანიზმს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.

ამასთან, როგორც ლაშა ხუციშვილი ამბობს, პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში წარედგინება.

„დღეს მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ საერთშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასამტკიცებლად. ეს არის სამწლიანი პროგრამა 289 მლნ დოლარის მოცულობით. ეს არის ე.წ. ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უკვე დამტკიცებული იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ათვისებული იქნება და ასე ვთქვათ, დაზღვევის მექანიზმს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.

2020-2021 წლების „კოვიდ-19“-ის პანდემიის უკიდურესად ნეგატიური ეფექტის მოუხედავად, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ უკვე წინა პროგრამა, რომელიც ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებასა და სათანადო რესურსების მობილიზაციაში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. 2021 წელს ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციების მიუხედავად (2021 წელს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში იყო 10.4 პროცენტი), მიმდინარე წელს მსოფლიო და მით უმეტეს საქართველო არის ახალი გამოწვევების წინაშე. ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა არსებული სირთულეების ეფექტური მართვა, მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და ამავდროულად, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური პარამეტრების საზღვრებში დაბრუნება. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პროგრამის შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდის ფისკალური ჩარჩოს სწორად მართვისთვის. ასევე, საყურადღებოა ის სტრუქტურული რეფორმები, რომლის განხორციელების ვალდებულებასაც ვიღებთ ახალი პროგრამის ფარგლებში, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მართვის, განათლების, შრომის ბაზრის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მხრივ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველომ და სავალუტო ფონდმა სამწლიან, 289 მლნ დოლარის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნული თანხა საქართველოს კვოტის 100%-იან ოდენობას ითვალისწინებს.