ლაშა ხუციშვილი ფოთში ევაკუატორების მძღოლების აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ლაშა ხუციშვილი ფოთში ევაკუატორების მძღოლების აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფოთში ევაკუატორების მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისინი ავტომობილების გაფორმების იმ ფორმის მიხედვით, რითაც საქმიანობდნენ, ავტომობილის შემდგომ განბაჟებაზეც არიან პასუხისმგებელი.

ხუციშვილის თქმით, გამოიკვეთა გარკვეული რაოდენობა, როდესაც აღნიშნული ავტომობილების განბაჟება არ მომხდარა და შესაბამისად, მათ ვალდებულებები დაეკისრათ.

ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ან უნდა დაიფაროს დავალიანება, რის შემდეგაც შეძლებენ იგივე საქმიანობის გაგრძელებას, ან რეალურმა მფლობელმა უნდა გაიფორმოს ავტომობილი და შემდეგ მისი ვალდებულება იქნება აღნიშნული ავტომობილის საბაჟო პროცედურებში მოქცევა.

„აქ გარკვეულწილად მართლაც წარმოიქმნა პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი გაფორმების იმ ფორმის მიხედვით, რა ფორმითაც ხდებოდა ავტომობილების გაფორმება, პასუხისმგებელია აღნიშნული ავტომობილის შემდგომ განბაჟებაზე. გამოიკვეთა გარკვეული რაოდენობა, როდესაც აღნიშნული ავტომობილების განბაჟება არ მომხდარა და შესაბამისად, ვალდებულებები დაეკისრათ მათ. აქ არის ორი გამოსავალი – ან უნდა დაფარონ მათ ეს დავალიანებები და შემდგომ ჩვეულებრივ განაგრძობენ იგივე საქმიანობას, ან მეორე მხრივ, მათ ამ ფორმით თავის თავზე აღარ უნდა გაიფორმონ აღნიშნული ავტომობილები, რეალურმა მფლობელმა უნდა გაიფორმონ ის ავტომობილები, მათ კი უკვე გადაზიდვის უფლება თავისუფლად მიეცემათ, როგორც აქამდე ჰქონდათ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფოთის „გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან“ ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ახალი რეგულაციის თანახმად, შემოსავლების სამსახური მათ იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.

მძღოლები აცხადებენ, რომ მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე პასუხისმგებლობის მათთვის დაკისრება ალოგიკური მოთხოვნაა.