ფოთში ევაკუატორების მძღოლებმა აქცია გამართეს
ფოთში ევაკუატორების მძღოლებმა აქცია გამართეს

ფოთის „გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან“ ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ახალი რეგულაციის თანახმად, შემოსავლების სამსახური მათ იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.

მძღოლები აცხადებენ, რომ მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე პასუხისმგებლობის მათთვის დაკისრება ალოგიკური მოთხოვნაა.

შიდა გადაზიდვების მძღოლების თქმით, ანგარიშები დაუყადაღეს და საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, რაც მათთვის დამატებით პრობლემებთანაა დაკავშირებული.

ევაკუატორების მძღოლების აქციას შეუერთდნენ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები. მძღოლების განცხადებით, აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დღესვე იგეგმება დახურული შეხვედრა აქციის მონაწილეებსა და შემოსავლების სამსახურს შორის, რომელსაც მხარეთა გადაწყვეტილებით, მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

„გვაკისრებენ განბაჟების გადახდას, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვეხება. ჩვენ ვართ მხოლოდ გადაზიდვების წარმომადგენლები. გამოვიყვანთ მანქანას, ჩავაბარებთ პატრონს და დანარჩენს უნდა მიხედოს პატრონმა. პატრონს ვერ პოულობენ, თუ რა ხდება, არ ვიცით, გვთხოვენ ჩვენ და ჩვენ სად უნდა ვეძებოთ ეს მანქანები. აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ მოგვარდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.