ლაშა დარსალია - ვლადიმირ ზელენსკი ეწვევა სოფელ ხურჩას, ენგურის ხიდს, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, საქართველოს და უკრაინას ერთნაირი გამოწვევები აქვთ, ორივე ებრძვის ოკუპაციას
ლაშა დარსალია - ვლადიმირ ზელენსკი ეწვევა სოფელ ხურჩას, ენგურის ხიდს, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, საქართველოს და უკრაინას ერთნაირი გამოწვევები აქვთ, ორივე ებრძვის ოკუპაციას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზსს მოინახულებს.

მისივე თქმით, საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთნაირი გამოწვევები, ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას.

„ბატონი ზელენსკი ჩამოსვლისთანავე ეწვევა ხურჩას და ენგურის ხიდს, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. მოგეხსენებათ, საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთნაირი გამოწვევები. ორივე ებრძვის ოკუპაციას. ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. საოკუპაციო ხაზზე ვიზიტი კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხეებისა, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვთ“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბათუმში ჩაფრინდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

დატოვე კომენტარი