ლაშა დარსალია - დღესაც გაიჟღერა რუსეთის მხრიდან უკმაყოფილებამ საქართველოს არჩევანით, როგორიც არ უნდა იყოს მუქარა, საქართველო უკან არ დაიხევს
ლაშა დარსალია - დღესაც გაიჟღერა რუსეთის მხრიდან უკმაყოფილებამ საქართველოს არჩევანით, როგორიც არ უნდა იყოს მუქარა, საქართველო უკან არ დაიხევს

ბრჭყალებში „ტრადიციულად“ ამ რაუნდზეც გაიჟღერა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხმა, რაზეც ცალსახაა პასუხი – საქართველოსთვის მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობა არის ერთმანეთისგან განუყოფელი საკითხები და ის წითელი ხაზები, რომელზეც საზოგადოება თანხმდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟენევაში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს, რადგან ეს ქართული საზოგადოების შეუქცევადი არჩევანია.

„როგორიც არ უნდა იყოს მუქარა და ზეწოლა საქართველოზე, ეს არის ის წითელი ხაზები, რომლისგანაც საქართველო გადახვევას არ აპირებს. დღესაც ასე ვუპასუხეთ. დღესაც გაიჟღერა რუსეთის მხრიდან უკმაყოფილებამ საქართველოს ამ არჩევანით და მათ ამაზე პასუხი დიდი ხანია, იციან. პასუხი არის ცალსახა, ეს არის შეუქცევადი არჩევანი, არჩევანი ქართული საზოგადოების და წითელი ხაზები, რომელზეც საქართველო უკან არ დაიხევს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეგასენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში განაცხადა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.