ლაშა დარსალია - საქართველოს ევროპული არჩევანი არის ცალსახა და პირდაპირი
ლაშა დარსალია - საქართველოს ევროპული არჩევანი არის ცალსახა და პირდაპირი

საქართველოს აქვს ორი წითელი ხაზი – ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ის წითელი ხაზებია, რომლიდანაც გადახვევას საქართველო არ აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევაში განაცხადა.

ლაშა დარსალიას კითხვა დაუსვეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს ევროპული არჩევანი არის ცალსახა და პირდაპირი.

„მინდა, ხაზი გავუსვა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც თავის სახელს არქმევს ყველაფერს. თავის სახელს არქმევს ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას და მასზე პასუხისმგებელ ძალას. ეს არ არის პირველი საკითხში, რაშიც ჩვენი პოზიციები რადიკალურად განსხვავდება, თუმცა რუსეთის ასეთი განცხადება პირიქით მიანიშნებს რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ევროპულ არჩევანს არის ცალსახა და პირდაპირ. საქართველოს გააჩნია ორი წითელი ხაზი – ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ის წითელი ხაზებია, რომლიდანაც გადახვევას საქართველო არ აპირებს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.