ლაშა დარსალია - საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მისი წესდების შესაბამისად მოქმედებს
ლაშა დარსალია - საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მისი წესდების შესაბამისად მოქმედებს

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალში დელეგაციების მონაწილეობასა და ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველო ევროპის საბჭოს სამდივნოსთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმშია.

„მოგეხსენებათ, საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და შესაბამისად, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ევროსაბჭოს წესდების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვართ კონსულტაციების რეჟიმში, როგორც პარტნიორებთან, ასევე ევროსაბჭოსა და მის სამდივნოსთან. ვინ მიიღებს მონაწილეობას რუსეთიდან, ახლა ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა დარსალიამ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.  მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.