ლაშა დარსალია - ჩვენთვის ე.წ. 3+3 ფორმატი მიუღებელია, ასეთ ფორმატებში მონაწილეობა არც განიხილება
ლაშა დარსალია - ჩვენთვის ე.წ. 3+3 ფორმატი მიუღებელია, ასეთ ფორმატებში მონაწილეობა არც განიხილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობას არც კი განიხილავს.

მისივე თქმით, ამის შესახებ პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორც ლაშა დარსალია ამბობს, საქართველოსთვის ეს ფორმატი მიუღებელია.

„ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. ამაზე ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლის დროსაც ისაუბრა, რა დროსაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველო ამ ფორმატი მონაწილეობას არ განიხილავს, შესაბამისად, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაში საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას და არც განიხილავს ასეთ შესაძლებლობას. ამაზე ყოველთვის არის საქართველოს ცალსახა პოზიცია – ჩვენთვის ეს ფორმატი მიუღებელია და ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. შესაბამისად არც ახლა და არც მომავალში ასეთ ფორმატებში მონაწილეობა არც განიხილება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში ხვალ იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. შეხვედრას დაესწრებიან თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით. მონაწილეთა ჩამონათვალში საქართველო არ არის.

ფორმატთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.