ლაშა დარსალია - 21-ე საუკუნეში ისეთი ვითარება გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიც თანამედროვე ეპოქაში წარმოუდგენელია
ლაშა დარსალია - 21-ე საუკუნეში ისეთი ვითარება გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიც თანამედროვე ეპოქაში წარმოუდგენელია

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ გრძელდება დესტრუქციული მიდგომა რუსეთის დელეგაციის მხრიდან, მათ შორის ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების მხრიდან,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემები ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება და დევნილთა დაბრუნება იყო.

„ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ძალიან მძიმე ვითარებაა გალის და ახალგორის რაიონებში. ჩვენ ამ საკითხებს ყოველთვის ვაყენებთ დისკუსიების დროს. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ გრძელდება დესტრუქციული მიდგომა რუსეთის დელეგაციის მხრიდან, მათ შორის ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი პრაქტიკულად ცდილობენ, რომ თავი აირიდონ ეს თემები და აირიდონ პასუხიმგებლობა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ არამარტო ჩვენი დელეგაციის, ასევე საერთაშორისო მონაწილეების პოზიცია იყო ცალსახა და საკმაოდ მკაცრი მძიმე მდგომარეობაზე“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრი პირველმა მოადგილემ.

დარსალიას თქმით, 21-ე საუკუნეში ისეთი ვითარება გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიც თანამედროვე ეპოქაში წარმოუდგენელია. მისივე განცხადებით, შეხვედრის დროს იყო მწვავე რეაქციები.

„რამდენიმე მიმართულებით არის მძიმე მდგომარეობა. მაგალითად, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა, ეს არის განათლების უფლების და განსაკუთრებით მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, ბოლო პერიოდში დაემატა ჰუმანიტარული თემა და ეს არის ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა. ასევე ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც წელს იყო. ამ ფონზე, როდესაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ ეს ეკონომიკური შესაძლებლობები რაიონს გარეთ გაიტანონ, რადგან შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება და ამიტომ ადამიანის უფლებებთან ერთად, მძიმეა ჰუმანიტარული ვითარება, კიდევ უფრო მეტად მძიმდება. ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე რთული“,- განაცხადა დარსალიამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმაც, რომელმაც კვლავ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სანქცირებულ პირთა სიას ვითარება ჩიხში შეჰყავს“.