ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შემთხვევა 15 თებერვალს, გვიან საღამოს მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, დედა-შვილს შორის გარკვეულ საკითხზე უთანხმოების შემდეგ, 17 წლის მოზარდმა 42 წლის დედას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.