ლადო მგალობლიშვილი - დაშავებულების მდგომარეობა რთულია, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად
ლადო მგალობლიშვილი - დაშავებულების მდგომარეობა რთულია, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად

მობილიზებულია მთელი რესურსი და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი.

„მუშაობა ძალიან ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია მთელი რესურსი და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს სამაშველო-სამძებრო ოპერაცია. გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ბოლო ადამიანი იქნება ნაპოვნი. სამაშველო სამსახური ყველაფერს ცდილობს, რომ სამუშაოები რაც შეიძლება, მალე დაასრულოს“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, მგალობლიშვილის თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად.

„ორივეს მდგომარეობა არის რთული, თუმცა გარკვეული იმედი არის. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მალევე მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც უკვე გაეწერა კლინიკიდან. მაშველებმა ნანგრევებიდან შემდგომ ამოიყვანეს შუახნის ქალი. მოგვიანებით, ამოიყვანეს მამაკაცი.

მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი გარდაცვლილი ამოიყვანეს.