ლადო კახაძე - მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო
ლადო კახაძე - მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო და თავიდან ბოლომდე გვერდით მედგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ლადო კახაძემ მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, რომლებიც არჩევნების პროცესს აშუქებენ და აღნიშნა, რომ ისინი გულისყურით ეკიდებიან საქმეს.

„დიდი მადლობა მთაწმინდელებს, სოლოლაკელებს, ვერელებს, ჩემს მხარდამჭერებს და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას,  ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა დაუნახავს მის რიგებში როგორც ღირსეული ქვეყანა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საარჩევნო პერიოდში ჩემს მხარეს ან ჩემი ოპოზიციის მხარეს იდგა. ისინი ზნე მაღლად, კეთილშობილად, პატიოსნად იქცეოდნენ და მათი იმედები უნდა გამართლდეს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო, ვინც თავიდან ბოლომდე გვერდით მედგა და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას ქვეყნის მიმართ. მადლობა იმ ჩემს ოჯახსა და გუნდს, ვისაც მე წარმოვადგენ – „ქართულ ოცნებას“, მადლობა ყველას, ვისაც დღევანდელი დღის სწორი შედეგი გაუხარდება. თბილისის ეს უმშვენიერესი ნაწილი აუცილებლად განახლდება. განახლება იმ გაგებით, რომ დაიწყება შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციის საკითხები. განხორციელდება ახალი თვალსაჩინო პროექტები და შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძეს ჟურნალისტებმა მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე ინციდენტზეც ჰკითხეს, რომელიც სიებს უკავშირდებოდა.

„თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, აუცილებლად საჩივრის სახით დაფიქსირდება და განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. მომხრე ვარ, დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს. ჩემი მიზანი იყო ადამიანებთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც თავიდანვე ავირჩიე, მათთან ერთად იმ საკითხების დაძვრა, რაც მთაწმინდის მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა კახაძემ.

მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე დღეს ხმაური იყო. სააგენტო „ნიუს სფეისის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავდა და ტელეფონით აგზავნიდა სახელსა და გვარებს. მისი თქმით, ეს არის გაყალბების სქემა.

ბრალდებას უარყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიათა” წარმომადგენელი.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.