მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა

ხმაური იყო მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე. სააგენტო „ნიუს სფეისის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავდა და ტელეფონით აგზავნიდა სახელსა და გვარებს.

„ეს არის გაყალბების სქემა. ინფორმაცია გადის უბნიდან, გვარებს აპლიუსებენ. ვინც არ არის მოსული, ურეკავენ, რომ არჩევნებზე მოვიდნენ“,- განაცხადა მარიამ მკალავიშვილმა.

ბრალდებას უარყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” წარმომადგენელი.

„ეს გოგო არის მატყუარა. პირველი ამომრჩეველი რომ მოვიდა, თავად გამოართვა პირადობა და შეამოწმა სახელი და გვარი. მე დამკვირვებელი ვარ და მაქვს უფლება, დავაკვირდე არჩევნებს. სახელი და გვარები ისედაც გამოკრულია კედელზე“,- აცხადებს არასამთავრობოს წარმომადგენელი თამარ ნიშნიანიძე.

ამ დროისთვის მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე სიმშვიდეა.