ლადო ბოჟაძე - უპირველესად, არჩევნების შესახებ ჩვენი პარტნიორების შეფასებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და მერე ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების
ლადო ბოჟაძე - უპირველესად, არჩევნების შესახებ ჩვენი პარტნიორების შეფასებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და მერე ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების

კარგია, „ევროპულ საქართველოს“ ასე ძალიან თუ ეშინია ჩემი და ჩემი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, – აცხადებს „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ლადო ბოჟაძე. ის პასუხობს „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ლადო ბოჟაძე „დაქირავებული ექსპერტია“, მისი ორგანიზაცია კი, არჩევნების დამკვირვებელია.

ბოჟაძე აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, თეა წულუკიანის მიერ წარდგენილი სია აბსოლუტური სიმართლეა. ლადო ბოჟაძის თქმით, ​ეუთო-ოდირი ყურადღებას ამახვილებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკური პარტიების დანამატებია.

„ეს არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ათასობით დამკვირვებელი ჰყავთ წარმოდგენილი. არაფერია გასაკვირი „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოსგან“, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ყალბი პრეზიდენტობის კანდიდატები ჰყავდა, რომ ყალბი წარმომადგენელი დაენიშნათ და ბიუჯეტის თანხები მიეთვისებინათ; ასევე ყალბი მერობის კანდიდატები ჰყავდათ შუალედურ არჩევნებზე. ის სია, რომელიც წაიკითხა თეა წულუკიანმა, აბსოლუტური სიმართლეა.

შეუძლიათ, ნახონ საიტზე, რამდენი დამკვირვებელი ჰყავს მაგალითად ჩემს ორგანიზაციას, სულ ხუთი დამკვირვებელი და კარგია, თუ „ევროპულ საქართველოს“ ასე ძალიან ეშინია ჩემი და ჩემი სადამკვირვებლო ორგანიზაციის“, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

მისივე განცხადებით, ნებისმიერს შეუძლია, ჩამოაყალიბოს არასამთავრობო ორგანიზაცია, დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და დააკვირდეს არჩევნებს. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგ როგორ ხდება დაკვირვების პროცესი, იწერება თუ არა საჩივრები, იწერება შუალედური თუ საბოლოო ანგარიშები.

„ეს არის ნაწილი იმ კამპანიისა, თითქოს „ქართული ოცნება“ აპირებს, გააყალბოს არჩევნები; თითქოს არჩევნების შედეგები არ იქნება ქართველი ხალხის არჩევანი და ეს იქნება გაყალბებული. აი, ნახეთ, რაზე მიუთითებენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის საჩივრები და განცხადებები, რომ ეს ადამიანები პირდაპირ კავშირში არიან ოპოზიციასთან. ამას ხედავთ, რომ ოპოზიციაც არ უარყოფს. ასეთი საკითხი დადგა საპრეზიდენტო არჩევნებისას და ეუთო-მ პირდაპირ მიუთითა, რომ ქვეყანაში არსებობს ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ეს პირველ რიგში, არიან ისინი, ვინც დაასახელა თეა წულუკიანმა. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გარკვეული გრანტები გააჩნიათ სწორედ იმიტომ, რომ არჩევნებს დააკვირდნენ, მათ ჰყავთ სულ რამდენიმე ასეული დამკვირვებელი, რადგან სრულიად საკმარისია ეს რაოდენობა ობიექტური სურათის დასადებად.

მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, რომ დამკვირვებელი ყავს ყველა საარჩევნო უბანზე, არც იციან, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენენ. ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის ატრიბუტიკით ჩნდებიან უბანზე – ეს ნიშნავს, რომ მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციონერი იყოს უბანზე და უბნის შიგნით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს არა მხოლოდ წარმომადგენელი, არამედ დამკვირვებელი, რადგანაც თითქოს დამკვირვებელს ექნება უფრო მეტი ობიექტურობა და მეტი სტატუსი, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში, რომ აი, ნახეთ, ამდენმა დამკვირვებელმა უარყოფითად შეაფასა და ა.შ.

ასე რომ, ეს ყველაფერი ერთიანი სცენარის ნაწილია. იგულისხმება ის კვლევები, რომლესაც აყალბებს ოპოზიცია და ამბობს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია, დამოუკიდებლად 40 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება არჩევნების შედეგებთან. მერე უნდა წავიდეს სცენარი და მზადება პირველი ნოემბრისთვის, არა 31 ოქტომბრისთვის. იცით, რომ მეტ-ნაკლებად საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩამოსული, ზოგიერთი მათგანი ვირტუალურად ახორციელებს დაკვირვებას, ყველაზე მთავარი – ეუთო უკვე აქ არის, მათ შორის მოკლევადიანი დამკვირვებელი და ამიტომ, ჩვენი პარტნიორების შეფასებას ექნება პირველ რიგში გადამწყვეტი მნიშვნელობა და მერე ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან ერთი მეოთხედი, 32 მათგანი პირდაპირაა დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთან ამა თუ იმ ფორმითაა აფილირებული. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებს და არსებობს გარკვეული სქემა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტიც არის ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები.