სერგი კაპანაძე - თეა წულუკიანი პანიკაშია, რადგან იცის, რომ არჩევნებს აგებს
სერგი კაპანაძე - თეა წულუკიანი პანიკაშია, რადგან იცის, რომ არჩევნებს აგებს

თეა წულუკიანმა ახლა მოიგონა სრული აბსურდი და პრეტენზიას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ის არ ცნობს, არჩევნებს დააკვირდებიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სურს, საპარლამენტო არჩევნებს ბევრი ორგანიზაცია აკვირდებოდეს.

„როგორც ჩანს, წულუკიანი არის პანიკაში, რადგან იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს. ახლა მოიგონა სრული აბსურდი და პრეტენზიას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ის არ ცნობს, არჩევნებს დააკვირდებიან. ზოგადად, წულუკიანი ხომ არც ერთ არასამთავრობოს არ ცნობს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ძალიან ცნობილია თუ ნაკლებად ცნობილი, ის ცნობს მხოლოდ თავის არასამთავრობოებს. წულუკიანი ახლა აპროტესტებს, ადგილობრივი ორგანიზაციები თუ დააკვირდებიან არჩევნებს იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა არის ნაკლები. ქალბატონმა წულუკიანმა რაღაც სია რომ წაიკითხა და ტყუილებით გაავსო იქაურობა, ძალიან მაინტერესებს, რატომ არ წაიკითხა დამკვირვებლების სიაში საქართველოს პროფესიული განათლების და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი.

ბატონო დავითაშვილი, მათი არასამთავრობო, რომელიც აკვირდება, ან რატომ არ წაიკითხა გრიგოლ გაგნიძის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, რომელიც ასევე მათი არასამათავრობოა. ლადო ბოჟაძე, ალბათ გსმენიათ, მათი დაქირავებული ექსპერტია, მისი ორგანიზაცია- „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“, ასევე, ალბათ გსმენიათ ნანა კაკაბაძე, მისი ორგანიზაციაა „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის“ ან „სახელმწიფო და მოქალაქე“, „მწვანე დედამიწა“.

თავად აკეთებენ ამას, ჰყავთ დამკვირვებლები, ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებში ისეთებიც იქნებიან, რომ მათ არ მოსწონთ ეს მთავრობა“, რომელსაც კავშირი აქვს ოპოზიციურ პარტიებთან ან განწყობა აქვთ ოპოზიციური. ამაში რა არის პრობლემური. მათ ეშინიათ დამკვირვებლების და არ უნდათ, რომ არჩევნებს ბევრი ადამიანი აკვირდებოდეს, რადგან როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რაღაცას გააყალბებენ, იძალადებენ ან სხვა ინსტრუმენტს გამოიყენებებ. ეს არ გამოუვა არც წულუკიანს და არც მის უფროს ივანიშვილს. აუცილებლად დამარცხდებიან ამ არჩევნებზე, მათ შორის იმის გამო, რომ ამ არჩევნებზე ბევრი დამკვირვებელი იქნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, ერთი მეოთხედი, 32 მათგანი, არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებენ და არსებობს გარკვეული სქემა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტიც არის ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

დატოვე კომენტარი