La Gazzetta dello Sport-ი - იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გახდება #1TVSPORT
იტალიური გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება და ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იქნება.
სპალეტის „ნაპოლისთან“ შეთანხმება ჰქონდა დადებული და იტალიის ნაკრებთან კავშირის გამო „პარტენოპეის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კომპენსაციის სახით სამ მილიონ ევრომდე ითხოვს. ის თვლის, რომ ყოფილი მწვრთნელი და ფედერაცია შეთანხმებას არღვევენ.
თუმცა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ დე ლაურენტისის მოთხოვნა უსაფუძვლოა და ლუჩანო სპალეტის მთავარ მწვრთნელად 19 აგვისტოს გამოაცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ სპალეტიმ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონის ტიტული 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოაგებინა და 2022/2023 წლის სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა.