La Gazzetta dello Sport-ი - გლადიატორ საზონოვს გზა უნდა დაუთმონ, ის დიდი ნახტომისთვის მზადაა #1TVSPORT
La Gazzetta dello Sport-ი - გლადიატორ საზონოვს გზა უნდა დაუთმონ, ის დიდი ნახტომისთვის მზადაა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ტორინოს“ მცველმა, საბა საზონოვმა სერია A-ში სადებიუტო შეხვედრა მეექვსე ტურში „ლაციოსთან“ ჩაატარა. ამასთან დაკავშირებით გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა წერილი გამოაქვეყნა და გუნდს საზონოვისთვის შემადგენლობაში ადგილის დათმობა ურჩია.

„პიროვნული თვალსაზრისით, მას ტოლი არ ჰყავს. 2022 წლის სექტემბერში მოსკოვის „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის წევრმა, საბა საზონოვმა უარი თქვა რუსეთის ნაკრებში თამაშზე და არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც მისი დედის სამშობლოა.

„ტორინოს“ ახალი მცველი 2002 წელსაა დაბადებული. მასზე ევროპაში ბევრს ლაპარაკობდნენ, ხოლო 2022 წელს CIES Football Observatory-იმ მსოფლიოს 200 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში შეიყვანა. რაც შეეხება სატრანსფერო ინტერესებს, ბევრი გუნდი იწვევდა – „ესპანიოლი“, „ჰამბურგი“, „ლიონი“, „უდინეზე“, მაგრამ საბოლოოდ ყველას „ტორინომ“ აჯობა.

გიგანტი, რომლის სიმაღლე 194 სანტიმეტრია, ხოლო წონა – 80 კილოგრამი, გლადიატორის სულის მოთამაშეა. ფიზიკური მონაცემების გარდა, სისწრაფითაც გამოირჩევა და ეს საშუალებას აძლევს რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს. ის არის მცველი, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს როგორც სამი, ასევე ოთხკაციანი დაცვის სქემაში.

უფრო ხშირად მას სამკაციან დაცვაში უწევდა თამაში, ცენტრში ან მარჯვენა ფლანგზე (ფეხით მემარჯვენეა). პეტერბურგის „ზენიტისა“ და მოსკოვის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდებში უთამაშია მარჯვენა გარემარბისა და ნახევარმცველის, ზოგ შემთხვევაში კი – ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც, სადაც თავის ფიზიკურ მონაცემებს კარგად იყენებდა.

საზონოვი ტურინში დაცვის გასაძლიერებლად ჩავიდა, გლადიატორს გზა უნდა დაუთმონ. თავად კი მიიჩნევს, რომ გუნდში დასამკვიდრებლად და კარიერაში დიდი ნახტომისთვის მზადაა“, – წერს La Gazzetta dello Sport-ი.