კვლევა - საქართველოში ერთიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვების 69 პროცენტის მიმართ აღზრდის ძალადობრივ მეთოდს იყენებენ
კვლევა - საქართველოში ერთიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვების 69 პროცენტის მიმართ აღზრდის ძალადობრივ მეთოდს იყენებენ

2018 წელს საქართველოში 1-14 წლის ასაკის ბავშვების 69 პროცენტის მიმართ გამოიყენეს აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი, – ამის შესახებ ნათქვამია მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წარადგინეს.

იმავე კვლევის თანახმად, ბავშვების 31 პროცენტს გამოუცდია ფიზიკური დასჯა (მკაცრი და სხვა ტიპის). ბავშვების ხუთ პროცენტს კი, მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა ხელის დარტყმა სახეზე, თავზე ან ყურებზე დარტყმა და ცემა მთელი ძალით, გამუდმებით. ბავშვთა 66-მა პროცენტმა განიცადა ფსიქოლოგიური აგრესია. დედების-მეურვეების პროცენტულმა წილმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა ბავშვის სწორად აღსაზრდელად, რვა პროცენტი შეადგინა. ძირითადი განსხვავება შეინიშნება მეურვის სქესის მიხედვით. ქალების რვა პროცენტი მიიჩნევს, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა, რაც ხუთჯერ აღემატება კაცის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს შეხედულება ასევე დაკავშირებულია დედის-მეურვის განათლების დონესთან, რადგან ბავშვის ფიზიკური დასჯის მომხრეთა რაოდენობა მცირდება რესპონდენტების განათლების დონის ზრდასთან ერთად.

დატოვე კომენტარი