კვირკვია კვიპროსში ითამაშებს, პაპუნაშვილი - ვოლკოვის „ზირაში“ #1TVSPORT
ქართველმა ფეხბურთელებმა აზერბაიჯანული კლუბი, განჯის „კიაპაზი“ დატოვეს და კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ.
ფლანგის თავდამსხმელი მათე კვირკვია „კარმიოტისაში“ ითამაშებს. ის გუნდთან ერთად სერბეთში შეკრებაზე გაემგზავრა და სეზონისთვის მოემზადა. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის სუპერლიგის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„კიაპაზი“ გიორგი პაპუნაშვილმაც დატოვა, მაგრამ სხვა ქვეყანაში არ წასულა – ის კარიერას ისევ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში, „ზირაში“ გააგრძელებს. 29 წლის შემტევი ნახევარმცველი რამდენიმე წლის წინ ლა ლიგა 2-ის „სარაგოსაში“ თამაშობდა. ტრავმების გამო კი დრო გაუცდა და საქართველოს ნაკრებში ადგილი დაკარგა.
გიორგი პაპუნაშვილი „ზირაში“ ერთადერთი ქართველი არ არის – ზაფხულში გუნდს „საბაჰიდან“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი დავით ვოლკოვი დაემატა, რომელმაც ევროტურნირზე თავი გამოიჩინა.
„ზირას“ კონფერენს-ლიგის პლეიოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს – პირველი მატჩი ხორვატიაში „ოსიეკთან“ 1:1 დაასრულა, განმეორებითს კი შინ, 15 აგვისტოს უმასპინძლებს.