პაპუნაშვილმა „გაბალას“ გაუტანა და „ქიაფაზს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი პაპუნაშვილმა თავი გამოიჩინა განჯის „ქიაფაზში“, რომელიც აზერბაიჯანის პრემიერლიგის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს და „გაბალა“ ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის აუტსაიდერებისთვის ეს 2024 წელს პირველი შეხვედრა იყო. თამაში გაბალას საქალაქო სტადიონზე გაიმართა და მე-13 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა ისკენდეროვის გოლით გახსნეს.

გიორგიმ  წონასწორობა 25-ე წუთზე აღადგინა. ქართველი ნახევარმცველი ფორმაში შედის. პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და თავი ამჯერადაც გამოიჩინა – მან „გაბალას“ საჯარიმო დარტყმით გაუტანა. აღსანიშნავია, რომ  გიორგიმ ჩემპიონატში „გაბალასთან“ დუბლი შეასრულა.

საბოლოო ანგარიში 32-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც მასპინძელთა მცველმა, მურად მუსაევმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. აზერბაიჯანის პრემიერლიგაში სეზონის მეორე ნახევარი 21 იანვარს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში „ქიაფაზში“ მათე კვირკვიაც თამაშობდა და მან გუნდი დატოვა.