საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, თორნიკე ოქრიაშვილი ფამაგუსტას „ანორთოსისს“ კიდევ ორი კვირა ვერ დაეხმარება. ამის შესახებ Super Sport FM-თან ინტერვიუში ფამაგუსტას გუნდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დიმიტრის ხრისტოფორუმ ილაპარაკა.
„ოქრიაშვილის მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში თვალს ვადევნებთ. ის კიდევ ორი კვირა არ იქნება. მეტს ვიტყვით უახლოეს დღეებში, როდესაც თორნიკეს მდგომარეობა ხელახლა შეფასდება”, – ამბობს ხრისტოფორუ.
გამოცემა match.cy-ის ჟურნალისტის აზრით, „ანორთოსისს“ ქართველი შემტევის გარეშე შეტევაში ფანტაზია დააკლდა.
„თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია – ქართველი ნახევარმცველის არყოფნა კი გუნდს აშკარად დაეტყო. ოქრიაშვილმა შეცვალა რუბენ რაიოსი, რომელიც გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ქართველმა თავისი საფეხბურთო ღირსების გამოვლენა მოახერხა – ბურთის კარგი ფლობა, მოედნის ცენტრში მშვიდი თამაში და გოლები (მან ოთხი გოლი გაიტანა) ის ელემენტებია, რომლებიც მან გუნდში მოიტანა. ის „ანორთოსისს“ ბოლო ორ მატჩში ვერ დაეხმარა და გამოჩნდა, რომ შემოქმედებით ნაწილში გუნდს ბევრი დააკლდა. არ იყო საკმარისი ჭკვიანური გადაცემები და რაც მთავარია, სიმშვიდე. სავარაუდოდ, ქართველი დაბრუნების შემდეგ „ანორთოსისის“ წარმატებებში დიდ წვლილს შეიტანს“, – წერს გამოცემა.