კვარაცხელია ნაკრების ბომბარდირებში იაშვილს გაუთანაბრდა - ის „ჯვაროსნებში“ პირველია, ვინც ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ვალიადოლიდში გამართულ ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ესპანეთის ნაკრების კარი აიღო და ორი მნიშვნელოვანი მოვლენის გმირი გახდა.

22 წლის თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გაიტანა. „ნაპოლის“ ქართველმა ვარსკვლავმა თავი გამოიჩინა ტაილანდთან (8:0), კვიპროსთან (4:0), შოტლანდიასა (2:2) და ესპანეთთან (1:3) შეხვედრებში.

ხვიჩამ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა – ტაილანდთან, კვიპროსსა და ესპანეთთან, შოტლანდიასთან კი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ხუთიდან სამი გოლი მან გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გაიტანა (კვიპროსთან, შოტლანდიასა და ესპანეთთან) და ეს წყვილი ნაკრებში შეუცვლელ დუეტად ყალიბდება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი – კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში უკე მე-15 გოლი გაიტანა და „ჯვაროსნების“ საუკეთესო ბომბარდირებში ერთი ადგილით დაწინაურდა. 15 გოლი აქვს გატანილი ალექსანდრე იაშვილსაც, მაგრამ მან ეს 67 შეხვედრაში მოახერხა, ხვიჩა კი ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტს 28 შეხვედრის შემდეგ გაუთანაბრდა.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები

1. შოთა არველაძე 62 მატჩი, 26 გოლი

2. თემურ ქეცბაია 52 მატჩი, 17 გოლი

3-4. ხვიჩა კვარაცხელია 28 მატჩი, 15 გოლი

3-4. ალექსანდრე იაშვილი 67 მატჩი, 15 გოლი