კვარაცხელია არ წამოვა, თორემ დღესვე წავიყვანდი - შოთა არველაძემ ისაუბრა, ქართველებიდან ვისი აყვანა სურს #1TVSPORT
კვარაცხელია არ წამოვა, თორემ დღესვე წავიყვანდი - შოთა არველაძემ ისაუბრა, ქართველებიდან ვისი აყვანა სურს #1TVSPORT

შოთა არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ არ დამალა, რომ „ჰალ სიტიში“ წასვლამდე სხვა საინტერესო შემოთავაზებებიც ჰქონდა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. ინგლისური კლუბის ქართველმა მწვრთნელმა ის სპეციალისტებიც დაასახელა, რომლებთან შეხვედრასაც ისურვებდა.

„მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ყატარიდან, სხვათა შორის – ორჯერ კვიპროსიდან. ეს იყო იქაური ტოპ-გუნდების შემოთავაზება, მაგრამ „ჰალ სიტის“ დავთანხმდი, რადგან მეგონა, რომ ინგლისში რაღაც განსხვავებული ხდებოდა და ამაში დავრწმუნდი. რომელ ლიგაშიც არ უნდა იყო, პრემიერლიგაში თუ ჩემპიონშიფში, ძლიერი გუნდებია. მეც მაინტერესებდა ინგლისში მუშაობა და მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, – ამბობს არველაძე.

ჰალ სიტის“ ქართველმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა წამყვანის კითხვაზე, ქართველებიდან რომელიმეს აყვანით თუ არის დაინტერესებული:

„ქულები უნდა ავიღოთ, წელში გავსწორდეთ, რომ ლიგაში დარჩენაზე კითხვები აღარ გაჩნდეს და ტრანსფერებს და გაძლიერებაზე ფიქრს ამის შემდეგ მივხედავ. ვინმეს თუ ავიყვანდი ქართველებიდან? წამოვა კვარაცხელია? ხვალვე წავიყვანდი, მაგრამ არ წამოვა“.

მთელი ინგლისი უკრაინის მხარდამჭერია – შოთა არველაძემ ამის შესახებაც ისაუბრა: 

„ჰალი პატარა, 250-ათასიანი ქალაქია. სადმე დიდი შენობა თუ არის, უკრაინის დროშის ფერებშია განათებული. ვერ ვიტყვი, რომ მაჩერებენ და მეკითხებიან, მაგრამ კლუბში მაგალითად ყველა მეკითხებოდა, რა ხდებოდა. ბი-ბი-სი (უკრაინის ამბებს) 24-საათიან რეჟიმში გადმოსცემს ამ უბედურებასა და ომს. ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ უმეტესობა თანხმდება, რომ საზიზღრობაა, რასაც რუსეთი აკეთებს“.