„კუკეშს“ მოზამბიკელი თავდამსხმელი თბილისში შეუერთდა
„კუკეშს“ მოზამბიკელი თავდამსხმელი თბილისში შეუერთდა

ალბანური „კუკეშის“ მოზამბიკელი ფეხბურთელი ფაიტ რეჟინალდო თბილისშია და დღევანდელი თამაშისთვის გუნდს დაეხმარება – ინფორმაციას ალბანური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„მრავალი წინააღმდეგობის შემდეგ, რომელიც 2 დღის განმავლობაში აეროპორტში ექმნებოდა, ფაიტ რეჟინალდო გუნდს საქართველოში შეუერთდა. ის სასტუმროში გამთენიისას მივიდა“ – წერია ალბანური გუნდის ვებ-გვერდზე.

ფაიტ რეჟინალდო მოზამბიკის ეროვნული ნაკრების კანდიდატია (3 მატჩი). გასული სეზონი ალბანურ „ლაჩში“ გაატარა და 31 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა. „კუკეშს“ კი ზაფხულში დაემატა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის პირველ მატჩამდე, ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქემ, „კუკეშმა“ სოციალურ ქსელში ორი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მასპინძელ გუნდს პრობლემების ხელვნურად შექმნაში ადანაშაულებდა. მათი მტკიცებით, „კუკეშის“ 3 ფეხბურთელს ვიზები არ მისცეს – მოზამბიკელ ფაიტ რეჟინალდოს, მაკედონიელ ვალონ ეთემისა და ედის მალიკის.

სინამდვილეში, დაჩქარებული წესით ვიზები მოზამბიკელ და მაკედონიელ მოთამაშეებზეც გასცეს. მიუხედავად ამისა, რომ ამ უფლებით მხოლოდ აფრიკელ ფეხბურთელმა ისარგებლა, მაგრამ, ალბანელებმა მაკედონიელები საქართველოშ არ ჩამოიყვანეს.