კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

კრწანისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 29 აპრილს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე ორი მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1987 წელს დაბადებული ი.გ. დაშავდა.

შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრაძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია, სადაც იპოვეს მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა. შედეგადაც ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანება. ორივე დაშავებული მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნული შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა კრწანისში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში დღეს მოხდა. დაშავებულია ორი პირი. ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია უტარდება.