კრწანისის რაიონის გამგებელი - ძველ თბილისში სახლის ჩამონგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რაიონში 400-ზე მეტი ავარიული შენობაა, თუმცა ნგრევის საფრთხე არ არსებობდა
კრწანისის რაიონის გამგებელი - ძველ თბილისში სახლის ჩამონგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რაიონში 400-ზე მეტი ავარიული შენობაა, თუმცა ნგრევის საფრთხე არ არსებობდა

კრწანისის რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განცხადებით, ძველ თბილისში სახლის ჩამონგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

მისივე თქმით, რაიონში 400-ზე მეტი ავარიული შენობაა, თუმცა ნგრევის საფრთხე არ არსებობდა.

ამასთან, როგორც კრწანისის რაიონის გამგებელი ამბობს, მოსახლეობას დროებით სასტუმროში გადაყვანა შესთავაზეს, შემდეგ კი ქირით დააკმაყოფილებენ.

„საბედნიეროდ, ცურტაველის 3 ნომერში ნგრევის შედეგად მსხვერპლი არ არის, გადავრჩით. ადგილზე მობილიზებულია ყველა საქალაქო სამსახური, ადგილობრივი გამგეობა. რა თქმა უნდა, დაწყებულია გამოძიება. მოსახლეობის ნაწილი გადაყვანილია დაკითხვაზე. ყველა კითხვას ძალიან მალე გაეცემა პასუხი, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ფაქტი. მოსახლეობას ვთავაზობთ, ამაღამ სასტუმროში გაათენონ ღამე, შემდეგ კი ქირით დავაკმაყოფილებთ. დღესვე დავიწყებთ ზრუნვას, რომ შენობის ნაწილები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს, დავშალოთ.

რაც შეეხება ავარიულობას, აღნიშნულ რაიონში 400-ზე მეტი ავარიული შენობაა, თუმცა ნგრევის საფრთხე არ იყო. შარშან იყო მოსახლეობის მხრიდან შემოსული თხოვნა გვერდით მდებარე სახლის კიბეების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. გამგეობამ დააფინანსა და მოწყობილია კიბეები, ასევე შესაბამისი კედელი. დღეს ჩამონგრეულ შენობასთან დაკავშირებით გამგეობაში მომართვა არ ყოფილა“, – განაცხადა გამგებელმა.

ძველ თბილისში, ცურტაველის 3 ნომერში სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა.