კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადეს.

როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, 50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა შეყვანის მომენტიდან მძიმე იყო და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სხვა პირებს, კლინიკაში ამ დროისთვის სამი ადამიანია მოთავსებული. დაშავებულთაგან ორს ოპერაცია ჩაუტარდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია. საშუალო სიმძიმისაა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„დღესდღეობით კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს სამი პაციენტი – ორი მოზრდილი და ერთი ბავშვი. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. ისინი იმყოფებიან ინტენსიური მკურნალობის ქვეშ. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გუშინ ღამით გარდაიცვალა ერთი პაციენტი მძიმე დაზიანებებით, რომელიც იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. თუმცა, სამწუხაროდ, რეანიმაციული ღონისძიებები ეფექტური არ აღმოჩნდა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ ორ პაციენტს გაუკეთდა ტრავმატოლოგიური ოპერაცია. ამ ეტაპზე მშვიდად არიან. გუშინ გარდაცვლილი მამაკაცი 49 წლის იყო, ხერხემლის დაზიანებებით. მას არ სჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა. შემოყვანის წუთიდან მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული. სულ კლინიკაში შემოსულია შვიდი პაციენტი. ერთი გარდაიცვალა ეზოში, ერთი გარდაიცვალა შემოყვანისთანავე“, – განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ კალოიანმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე 12 ივნისს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“, მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.