„კრუზეიროს“ ფეხბურთელის მანქანა 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მოთამაშეს სერიოზული ტრავმა არ მიუღია
ბრაზილიური „კრუზეიროს“ ფეხბურთელი ენრიკე ავტოავარიაში მოხვდა, – დაწერა კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.
35 წლის ფეხბურთელი „სერა დუ როლა-მოკას“ ეროვნულ პარკში 200-მეტრიანი სიმაღლიდან გადავარდა. ენრიკეს „ლენდ როვერი“ კლდეზე დაეცა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ფეხბურთელის ევაკუაციას 16 ადამიანი დასჭირდა. გადარჩენის ოპერაციას ღამის სიბნელე ართულებდა.
თავად ფეხბურთელი მანქანიდან ამოყვანის შემდეგ, დეზორიენტირებული და დაბნეული იყო. მან მომხდარი ვერ გაიხსენა. ის ქალაქ ბელუ-ორიზონტეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის სიმძიმის მიუხედავად, ენრიკეს სერიოზული ტრავმები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს, თუმცა, რამდენიმე დღით კლინიკაში დარჩება.
სამაშველო ბრიგადის ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოდ, „ლენდ როვერის“ კონსტრუქცია გახდა ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ფეხბურთელმა უფრო მძიმე დაზიანებები არ მიიღო.