„კრუზეირო“ ისტორიაში პირველად უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა - პოლიციამ ფანები სპეციალური ყუმბარებით დააშოშმინა (ვიდეო)

ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კლუბმა „კრუზეირომ“ პირველად დატოვა უმაღლესი დივიზიონი.

კვირას, ბრაზილიის სერია A-ს ბოლო ტურში „კრუზეირომ“ 0:2 წააგო „პალმეირასთან“ და 36 ქულით ცხრილში მე-17 ადგილზე გავიდა, რაც სერია B-ში გავარდნას ნიშნავდა.

„კრუზეიროს“ გულშემატკივრებმა ამ წარუმატებლობის გამო, ემოციების შეკავება ვერ შეძლეს და ბელუ-ორიზონტის სტადიონ „მინეირაოზე“ სკამების მტვრევა დაიწყეს. ისინი მინდორზე გასვლასაც ცდილობდნენ. პოლიციას ფანების დასაშოშმინებლად სპეციალური ხელყუმბარების გამოყენება მოუხდა.

„კრუზეირო“ 1921 წელს არის დაარსებული. ის თავის ისტორიაში ოთხჯერ იყო ბრაზილიის ჩემპიონი – 1966, 2003, 2013 და 2014 წლებში.