კრიტიკული შეუსაბამობების გამო ხუთ თვეში საწარმოო პროცესი კვების 112 ობიექტს შეუჩერდა

12:30, 21.06.2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის სასახურმა მიმდინარე წლის ხუთ თვეში 1 701 კვების ობიექტი შეამოწმა, საიდანაც 384 დააჯარიმა.  კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი კვების 112 ობიექტს შეუჩერდა.

თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესოპერატორებისთვის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე განახლდა.

რაც შეეხება 2016-2017 წლებს, ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 3 108 საზოგადოებრივი კვების ობიექტი, აქედან 185 დაჯარიმდა.  2017 წელს კი, 1 410 საზოგადოებრივი კვების ობიექტი შემოწმდა და დაჯარიმდა 685 ობიექტი.

რესტორნებსა და კაფე-ბარებში გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები, როგორიცაა:
მავნე სურსათის განთავსება, ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე; სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების, კრიტიკული შეუსაბამობების დაფიქსირების გამო საწარმოო პროცესის შეჩერება; სახელმწიფო კონტროლისთვის ხელის შეშლა; ეტიკეტირების წესის დარღვევა; ვადაგასული სურსათის რეალიზაცია.

გამოვლენილ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა 200-დან 1 200 ლარამდეა.

მსგავსი