კრისტინ ლაგარდი – საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიან ოჯახებში ვალების შემცირება
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიან ოჯახებში ვალების შემცირება, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.
კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი და გამკაცრდა კრედიტის გაცემის სტანდარტები, რაც აუცილებელია უფრო მდგრადი საკრედიტო ზრდისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა არსებობს, აუცილებელია გაზრდილი ეკონომიკური უთანასწორობის დაძლევა, რაც ძალიან სახიფათოა. საქართველო რეგიონში ლიდერია, რითაც უნდა იამაყოს, მაგრამ ამავე დროს, საქართველოში ყველაზე მაღალია ეკონომიკური უთანასწორობის დონე. ამ საკითხს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ეკონომიკური უთანასწორობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკის მდგრად ზრდაზე და ეს ბევრი კვლევით არის დადგენილი. ეკონომიკის უთანასწორობა იწვევს ადამიანების მარგინალიზებას, საზოგადოება დაზარალდება და საბოლოო ჯამში, ნდობა გაქრება. როდესაც ნდობა დაკარგულია, საზოგადოების შესაცვლელად ვერაფერს გავაკეთებთ და უკეთესობისკენ ვერაფერს შევცვლით.
ეს საკითხები ასახულია საქართველოს მთავრობის რეფორმის პროგრამაში და ასევე ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაში. რეფორმები აუცილებელია ევროპული სტილის სტანდარტების შესაბამისად, მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ამ საკითხებზე სავალუტო ფონდი საქართველოსთან ერთად მუშაობს. ვეხმარებით საქართველოს რჩევებით, დაფინანსებითა და ტექნიკური მხარდაჭერით. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოსთან პარტნიორობის“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.