საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი უკვე საქართველოშია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი უკვე საქართველოშია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი კრისტინ ლაგარდი ეწვია.

ლაგარდი შეხვედრებს თბილისში ხვალ დაიწყებს. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ერთობლივი პრესკონფერენცია მთავრობის ადმინისტრაციაში.

ვიზიტის ფარგლებში სსფ-ის მმართველი დირექტორი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს. ლაგარდი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეწარმეებსაც შეხვდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, კრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

2017 წელს სსფ-ს მხარდაჭერით საქართველოში სამწლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“ მხარს უჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს. საქართველომ პროგრამის სამი მიმოხილვა დაასრულა და განხორციელებას განაგრძობს.

კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე პირველი ქალი ხელმძღვანელია, რომელიც 2016 წელს მეორე ვადით აირჩიეს.