„კრისტალბეთის“ ეროვნულ ლიგა 2-ში დღეს ორივე მატჩი ფრედ დასრულდა
„კრისტალბეთის“ ეროვნულ ლიგა 2-ში დღეს ორივე მატჩი ფრედ დასრულდა

„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე ფრედ დასრულდა.

ფოთის „პარკი არენაზე“ ქობულეთის „შუქურამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, „შუქურას“ ყოფილმა ფეხბურთელმა კობა შალამბერიემ მესამე წუთზე „გაგრა“ დააწინაურა. ქობულეთელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეძლეს: 46-ე წუთზე „შუქურას“ ახალწვეულმა ლაშა ჩიხლაძემ თავის გუნდს ქულა მოუპოვა და საბოლოოდ, 1:1 დასრულდა.

„შევარდენი 1906“-მა კი მუხიანის სპორტულ კომპლექსში „თელავს“ უმასპინძლა და ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს დიდი ბრძოლა გაუმართა: 79-ე წუთზე მასპინძლებს ომარ პატარკაციშვილი გაუძევეს, თუმცა „თელავმა“ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და მეტოქეებმა ქულები გაიყვეს, 0:0.

მე-3 ტური კვირას, 10 მარტს დასრულდება: „ცხინვალი“ თბილისის „მერანს“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო „ზუგდიდი“ მარტვილში, „მურთაზ ხურცილავა არენაზე“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს მიიღებს.