კრიშტიანო რონალდო პროფესიული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა (ვიდეო)
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო პროფესიული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. 35 წლის პორტუგალიელმა ერთი გოლი გაიტანა იტალიის სუპერთასის ფინალში „ნაპოლის“ წინააღმდეგ, რითაც მას პროფესიულ კარიერაში 760 გოლი დაუგროვდა და გაუსწრო ავსტრიელ და ჩეხოსლოვაკიელ ფეხბურთელს იოზეფ ბიცანს (759 გოლი).
თავისი 760 გოლი რონალდომ 1040 მატჩში გაიტანა. ბიცანს 759 გოლისთვის 495 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
რეიტინგში მესამე ადგილზეა ლეგენდარული ბრაზილიელი პელე, რომელსაც ოფიციალურ მატჩებში 757 გოლი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ პელეს მშობლიური კლუბის „სანტოსის“ მკვლევართა და ისტორიკოსთა ასოციაციას მიაჩნია, რომ „ფეხბურთის მეფეს“ უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი.
„იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ნაპოლი“ 2:0 დაამარცხა. კრიშტიანო რონალდომ 64-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მეორე გოლი კი 95-ე წუთზე ალვარო მორატამ გაიტანა. ტურინული კლუბი არსებობის ისტორიაში მეცხრედ გახდა ქვეყნის სუპერთასის მფლობელი.